მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებსა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ მოძრაობის Facebook-ის გვერდზე წერია.
ტაბულა შსს-ში ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მიზეზით არ აძლევენ სამოქალაქო აქტივისტებს სცენის დადგმის საშუალებას.
სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია დღეს, 3 აპრილს, პარლამენტის წინ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს.
სირცხვილიას საპროტესტო აქციაში მოძრაობები – დროა, სოცაფეთქება და მოძრაობა საქართველოსთვის უერთდებიან, ასევე პოლიტიკური პარტია გირჩიც. ისინი 17:00 საათზე სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, შემდეგ ერთმანეთს ფილარმონიასთან შეურთდებიან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრებიან.
"მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:
• ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი - “სირცხვილია”
• ივანე ჯავახიშვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - “სოცაფეთქება”, “დროა”
• ვაკის პარკი - “გირჩი”
• ორთაჭალა (პროკურატურის წინ) - “მოძრაობა საქართველოსთვის”
• მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე.
• 21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს.
• საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ. არტისტების სრული სია მალე გასაჯაროვდება". – წერენ ორგანიზატორები.
ქვეყანაში 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. საკოორდინაციო საბჭომ გადაადგილების შეზღუდვა ძალაში 2020 წლის 8 ნოემბერს მიიღო.