დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთთან მზარდი დაძაბულობის შესახებ გაესაუბრა

უკრაინელი სამხედროები სანგარში, დონეცკის რეგიონში, 19 თებერვალი
ფოტო: Anatolii Stepanov/AFP

ბოლო ხანებში უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების აქტიურობა შეინიშნება. აშშ-ს შეფასებით, ეს მიმდინარე რუსული აგრესიაა უკრაინის წინააღმდეგ. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე, ამერიკელი გენერალი მარკ მაილი ტელეფონით უკრაინელ და რუს მაღალი რანგის სამხედროებს გაესაუბრა. 

ტელეფონით საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინასა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერას „მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ“. 

სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჯონ კირბიმ. 

"რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის განზრახვებს, რომელიც გასული წლის ივლისში გააფორმა ეუთომ". - თქვა ჯონ კირბიმ.

რეგიონში სიტუაციის გამწვავებაში რუსეთი უკრაინის მხარეს ადანაშაულებს

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 26 მარტს სეპარატისტული ძალების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნას 4 უკრაინელის სამხედრო პირის სიკვდილი და ორის დაშავება მოჰყვა. უკრაინა ამ ქმედებაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრალს უარყოფს. 

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზაციას სტრატეგიულ ვარჯიშებად ნიღბავს. სიტუაციას ამძიმებს დონბასის რეგიონში სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია. 

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის მსგავს ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს. ვემზადებით ყველა შესაძლო პროვოკაციისა და მტრის ქმედებებისთვის" - თქვა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა. 

ხომჩაკმა რუსეთი სამხედრო მობილიზაციაში 30 მარტის განცხადებაში დაადანაშაულა

კომენტარები