ბიზნესი

სოსო ფხაკაძე: ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა

"პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები". – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"დღეს მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე გვქონდა საუბარი, იყო დაახლოებით 10 პუნქტი. ამ 10 პუნქტის ქვეშ წარმოვადგინეთ ჩვენი ბიზნესის ხედვა, რას ვფიქრობთ თითოეულ პუნქტთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ, შევეცადეთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ ობიექტურები, პროფესიულები და აკადემიურები“. – განაცხადა ფხაკაძემ და აღნიშნა, რომ ეკონომიკა კრიზისშია.

"ამაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ. თანდათანობით პრემიერი შეგვპირდა, რომ თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ამით რასაკვირველია, არ უნდა დასრულდეს. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ბევრი შეხვედრა შედგეს, იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი ფორმულა, საწინდარი ქვეყნის წარმატების". – თქვა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა პირველი არხის ცნობით.

სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ "ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებოდით დღეს".

"მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ“. – განაცხადა ფხაკაძემ.

ბიზნესის წარმომადგენლები პანდემიის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ მთავრობის მეთაურს, მათ შორის, წინა პრემიერმინისტრსაც. ერთერთ შეხვედრაზე სოსო ფხაკაძემ გიორგი გახარიაზე თქვა, რომ "ჩვენ ასევე გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი, ჩვენ ვამხნევებდით, ბუნებრივია, მაგრამ პირდაპირ გვითხრა - "გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ".

კომენტარები