ვაქცინაცია

გაბუნია: ფაიზერის დანარჩენ დოზებზე ხელახალი რეგისტრაცია 15 აპრილიდან გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის დანარჩენ დოზებზე რეგისტრაცია 15 აპრილიდან გაიხსნება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ 6 კლინიკასთან, სადაც ფაიზერით ვაქცინაცია მიმდინარეობს, რომ შეძლონ დამატებითი ადგილების მობილიზება ვაქცინაციისთვის. 

"ფაიზერის დოზები 10 000-ზე მეტი არის ამ ეტაპზე უკვე დაჯავშნილი, სულ გვქონდა 14 000-ზე ოდნავ მეტი, დანარჩენი დოზები, ამ ეტაპის მდგომარეობით, 15 აპრილიდან გაიხსნება რეგისტრაციისთვის. 

ჩვენ ვმუშაობთ ამცრელ კლინიკებთან. მოგეხსენებათ, ფაიზერის ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ 6 კლინიკაში, რადგან მეტი კონტროლი და ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგი უფრო მკაცრად არის საჭირო. მიმდინარე პერიოდში, კლინიკებთან ვეცდებით, დავაზუსტოთ, თუ ექნებათ შესაძლებლობა დამატებითი ადგილების გახსნის, რადგან 15 აპრილამდე იყოს გარკვეული რაოდენობის ადგილების მობილიზება იმავე კლინიკებში, რომლებიც მონაწილეობენ ვაქცინაციის პერიოდში". – ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებითაც აქვთ მოლაპარაკება 5 კლინიკასთან, რომ გამოყონ  დამატებითი ადგილები აცრისთვის.  

"იგივე შეეხება ასტრაზენეკას, ეს ვაქცინა თბილისში უფრო მეტად დაიჯავშნა, რეგიონებში დიდი რაოდენობა ადგილების არ არის დაკავებული. 5 კლინიკასთან გვაქვს მოლაპარაკება ასტრაზენეკასთან მიმართებაში, რომ დაემატოს ადგილები". – ამბობს გაბუნია. 

31 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 6 757 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 051-მა პირმა გაიკეთა აცრა. 

კომენტარები