სამეფო კარის თამაშების მიხედვით ბროდვეიზე სპექტაკლი დაიდგმება. პროექტს უხელმძღვანელებს GOT-ის წიგნების სერიის ავტორი ჯორჯ მარტინი.
მარტინის თქმით, სპექტაკლში აღწერილი მოვლენები პირველი სამეფო კარის თამაშებამდე 16 წლით ადრე ვითარდება. მაყურებელი ნედ სტარკის, რობერტ ბარათეონის, ჯეიმი და სერსი ლანისტერების და სხვა ნაცნობი პერსონაჟების ახალგაზრდობის ამბებს იხილავს. მოქმედება ჰარენჰოლის სასახლეში გამართულ რაინდების ტურნირზე ვითარდება.
"ომის მარცვლები ხშირად მშვიდობის ხანაშია დათესილი. ვესტეროსში ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მომავალი სისხლისმღვრელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ჰარენჰოლის ტურნირზე მომხდარი ამბები გახდებოდა. სპექტაკლი HBO-ს სამეფო კარის თამაშების ერთგვარი წინაისტორია იქნება". – ამბობს მარტინი.
მწერლის ჩანაფიქრით, სპექტაკლი ნიუ-იორკში, ლონდონსა და სიდნეიში დაიდგმება.
საკულტო სერიალის მიხედვით ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე პროდუქტს ვიხილავთ. მათ შორის House of Dragon-ს, შოუს, რომელიც ასევე წინაისტორიაა და ტარგარიენების სახლის მმართველობის პერიოდს ასახავს.