აშშ-ჩინეთი

ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთზე დაწესებული ტარიფების მოხსნას არ აპირებს

ფოტო: china-briefing

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთზე დაწესებული ტარიფების მოხსნას უახლოეს მომავალში არ აპირებს, თუმცა სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოებას არ გამორიცხავს, ამბობს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.  

ტაის თქმით, მას კარგად ესმის, რომ სავაჭრო შეზღუდვებმა, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინონ აშშ-ის ბიზნესსა და მომხმარებლებზე, თუმცა ტარიფები ჩინეთის მიერ სუბსიდირებული კომპანიებისგან თავდაცვისა და კონკურენციის ხელშეწყობის საშუალებას იძლევა. 

ტაის აზრით, სავაჭრო ტარიფები ბერკეტია, რომელიც აშშ-მ მოლაპარაკების პროცესში უნდა გამოიყენოს. 

2021 წლის 17 მარტს აშშ-ის სენატმა ტაის კანდიდატურა 98-0 ხმით დაადასტურა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთს თითქმის 370 მილიარდი დოლარის პროდუქტებზე დაუწესა ტარიფები. 

სავაჭრო ომში საპასუხოდ, ჩინეთმა 110 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქტებს დაუწესა ტარიფები. 

კომენტარები