პოლიტიკური კრიზისი

მზად ვარ, მედიაციის მონაწილეებს შევხვდე – ომბუდსმენი განახლებულ მოლაპარაკებებს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ მედიაციის პროცესს ეხმაურება. ომბუდსმენი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს და გააცნოს თავისი პოზიცია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით

სახალხო დამცველის ცნობით, მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, წლებია, ამახვილებენ ყურადღებას. 

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების ბალანსის სისტემისა და მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ. 

"ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში. ამასთანავე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია, გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი". – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები