NATO-საქართველო

ზახაროვა: შავ ზღვაში NATO-ს გაძლიერებაზე მოკლე პასუხია – ვირეაგირებთ ადეკვატურად

მარია ზახაროვა
The Times

"ვირეაგირებთ ადეკვატურად" – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტს კითხვაზე, რა იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო ნაწილების გაძლიერებაზე. 

"მოკლედ რომ გიპასუხოთ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ტრადიციულად – ვირეაგირებთ ადეკვატურად". – თქვა მარია ზახაროვამ 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე. 

23-24 მარტს გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები, გააკრიტიკეს რუსეთის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკა და კრემლს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. 17 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი, სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გავიდეს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან. 

"ჩვენ გვაშფოთებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს შავ ზღვაზე ძალების შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ, ვმუშაობთ შავ ზღვაზე, ჩვენი პატრულირების გაძლიერებაზე". – თქვა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები