საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ჭყონდიდში ილია II-ის ფრესკა ნესტმა დააზიანა, ვანდალიზმი არ ყოფილა

საპატრიარქოს ცნობით, ჭყონდიდის ეპარქიაში ილია II-ის ფრესკაზე ვანდალური თავდასხმა არ მომხდარა და ის წლების განმავლობაში ნესტმა დააზიანა. 

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება. 

"როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები