აშშ-ჩინეთი

"მასში დემოკრატიული არაფერია" – ბაიდენმა სი ძინფინგი პუტინს შეადარა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეადარა და, ასევე, თქვა, რომ სის დემოკრატიულობის არაფერი სცხია.

ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის დატოვებამდე მასთან მე მეტი დრო გამიტარებია, ვიდრე ნებისმიერ მსოფლიო ლიდერს.

"მე სი ძინფინგს დიდი ხანია, ვიცნობ. ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის დატოვებამდე მასთან მე, ალბათ, მეტი დრო გამიტარებია, ვიდრე ნებისმიერ მსოფლიო ლიდერს. მე მასთან მარტო, ჩვენი თანაშემწეების გარეშე, საათები მაქვს გატარებული, ძალიან დეტალებში შევსულვართ, პირდაპირ. მასში დემოკრატიული ერთი ბეწოც არაფერია, მაგრამ ჭკვიანია, ის იმ პირთაგან ერთ-ერთია, ვინც პუტინს ჰგავს და რომელიც ფიქრობს, რომ ავტოკრატია მომავალია და დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს მეტად რთულ მსოფლიოში."  - აღნიშნა მან. 

ჯო ბაიდენმა გაიხსენა ბოლო  ორსაათიანი საუბარი სისთან, როდესაც გამარჯვების შემდეგ ჩინეთის ლიდერმა მას მისალოცად დაურეკა. ბაიდენის თქმით, მან სის გარკვევით უთხრა, რომ აშშ არ ესწრაფვის დაპირისპირებას, თუმცა იცის, რომ იქნება შეჯიბრი. ამასთან ერთად, ჯო ბაიდენმა სი ძინფინგს განუცხადა, რომ ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან , თუმცა დაჟინებით მოითხოვენ, რომ ჩინეთმა საერთაშორისო წესებით ითამაშოს. 

ბაიდენის თქმით, მომავალი თაობა იხილავს, ამ დაპირისპირებაში დემოკრატია გაიმარჯვებს თუ ავტოკრატია.

"მე მაქვს პროგნოზი, რომ თქვენს შვილებს ან შვილიშვილებს სადოქტორო დისერტაციის თემად ექნებათ საკითხი, თუ რომელმა გაიმარჯვა - ავტოკრატიამ თუ დემოკრატიამ, რადგან ფსონი ამაზეა, და არა მხოლოდ ჩინეთთან. მიმოიხედეთ მსოფლიოში ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შუაში ვართ, რომელსაც უზარმაზარი შედეგი ექნება". - თქვა ჯო ბაიდენმა. 

შეგახსენებთ, რომ სი ძინფინგთან პირველი სატელეფონო ზარისას ბაიდენმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა.

კამპანიის დროს ბაიდენმა სი ძინფინგი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედადაც მოიხსენია. 

5 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური გამოცდაა" მსოფლიოში. 

კომენტარები