კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე კომენდანტზე: თუ ამ ეპიდსიტუაციით ვივლით, აპრილის ბოლოს ვიფიქრებთ ცვლილებებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილების მიღება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ცვლილებები აპრილის დასაწყისიდან განიხილონ.

"ზოგადად, კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ, ადამიანებმა, როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის.

რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში, აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მოწოდება მაინც არის იმ რეკომენდაციების დაცვა, რაზეც ვსაუბრობთ". - ამბობს გამყრელიძე. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები