პოლიტიკური კრიზისი

ჩერგოლეიშვილი: რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ სენატის მოსმენიდან

გუშინ, შეერთებული შტატების სენატი ქართული დემოკრატიის მდგომარეობით დაინტერესდა და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიწვია იმისთვის, რომ მეტი გაეგო მათგან და შემდეგი ნაბიჯები დაეგეგმა.

ჩემს მოსაზრებას დავწერ, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ერთსაათიანი კითხვა-პასუხის შედეგად, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე დემოკრატიულმა ოპოზიციამ.

-----------------

1. პოლიტიკური მართლმსაჯულება

აშშ-ში ფაქტობრივად კონსენსუსია იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ამოძირკვის გარეშე, მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს.

ამას ადასტურებს სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელიც, ბუნებრივია ბევრად კონსერვატიულია თავის შეფასებებში და მელიას საქმის სამართლებრივი დეტალებიც კარგად იცის.

პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე საქმე რომ წინ ვერ წავა, ამას ევროკავშირშიც ხვდებიან და ვაშინგტონის პოზიცია დასავლეთის კონსენსუსს ძალიან გაამყარებს - განსაკუთრებით, საქართველოს ელჩის გადადგომის ფონზე.

--------------------------

2. არჩევნები

არჩევნები რომ უმძიმესი დარღვევებით ჩატარდა და ამ მძიმე დარღვევების გასაჩივრების შესაძლებლობა არ ყოფილა - ამას ძალიან ხატოვნად ყვება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, თუმცა ლეგიტიმაციის ნაწილში ეუთოს დასკვნას ციტირებს.

ეს აბსოლუტურად გასაგებია, სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჩემი აზრით, იჩქარა), ლეგიტიმაცია მისცა არჩევნებს გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე (სავარაუდოდ, მოსალოდნელი რევოლუციის შიშით, რაც ვითარების კარგად ცოდნაზე ნამდვილად არ მიუთითებს, სამწუხაროდ) და შემდეგ, პომპეოს თანხმლებ პრესას უთხრა, ესენი 30 წელია "ბანძები არიან" (ჩემი პერიფრაზია), არჩევნები სულ დარღვევებით ტარდებაო.

ბუნებრივია რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უკან თავის სიტყვებს არ წაიღებს - მაშინ გამოვა, რომ არასწორად შეფასდა აქ, ადგილზე ვითარება.

გუშინდელი მოსმენის ფონზე, უკანა რიცხვით, ასევე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება „ინსტიტუტებში ბრძოლის“ თაობაზე. თავადვე აღნიშნეს, რომ სასამართლოს „კლანი“ მართავს და ასეთ სასამართლოში სამართლის საძიებლად გაგზავნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდად დამაჯერებლად არ გამოიყურება.

თუმცა შაჰინი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ქალია და ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები საკმარისი არ არის დემოკრატიის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

იქვე რიშმა ისიც ცალსახად აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

რატომ არ ისაუბრეს ვადამდელ არჩევნებზე?

მათ ისაუბრეს კრიზისიდან გამოსვლის აუცილებლობაზე. რა გზით გამოვალთ კრიზისიდან, ეგ არის ოპოზიციის და ხელისუფლების გადასაწყვეტი.

ამასთან, არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირს მიყავს დღის წესრიგი - დანიელსონის მისიას სენატის სრული მხარდაჭერა აქვს და ევროკავშირის მიერ შედგენილ ჩარჩოში პოტენციური არჩევნები დასახელებულია კრიზისიდან გამოსვლის გზად.

სენატის მოსმენის შედეგად, ვადამდელ არჩევნებზე, როგორც კრიზისიდან გამოსავალზე გზავნილის კრისტალიზება უფრო მეტად მოხდება, თუ რასაკვირველია ოპოზიცია არ გაგიჟდა და არ დაყარა ფარ-ხმალი.

-------------------------

3. ივანიშვილი და რუსეთი

ისედაც, მაგრამ მთლად რუსეთის დაზვერვის განცხადების შემდეგ, ბუნებრივია რომ დაისვა პირდაპირი კითხვები ოლიგარქის და რუსეთის კავშირის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტი სენატს არ ეტყვის რომ ივანიშვილი პუტინის მონაა მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ცნობს და ამ ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

ეს ძალიან კარგად იცოდა შაჰინმაც, როცა ეს კითხვა დასვა - მაგრამ მაინც დასვა, იმიტომ რომ სიგნალია.

ის, რომ სენატორების გზავნილები საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ეს დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტმაც - სიტყვა სიტყვით.

----------------------------

4. ორივე მხარის პასუხისმგებლობა

არ იქნება სწორი, რომ მხოლოდ ხელისუფლების საყურადღებოდ გაკეთებული გზავნილები გავაანალიზოთ.

მნიშვნელოვანი გზავნილები იყო ოპოზიციიისთვისაც.

საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა, სენატორმა რიშმა ისაუბრა იმაზე, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვს.

ის მართალია - მართლა აქვს პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე ოპოზიციას.

კონკრეტულად მის ერთ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს და ყველას, ვინც მას წინააღმდეგობას არ უწევდა.

ტყუილად არ დაეთმო სააკაშვილს ამდენი დრო.

ტყუილად არ გაიხსენა რიშმა ჯორჯ ვაშინგტონთან შედარება.

ამერიკის დამფუძნებელ მამას, შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს რომ გადარებს ამერიკელი, ვეტერანი სენატორი, უნდა მიხვდე, რომ ეს კონკრეტული გზავნილია - ორი ვადა იყავი და გეყოს.

აქვს შექმნილ კრიზისზე პასუხიმგებლობა ყველას, ვინც მთელი გასული 8 წლის განმავლობაში არჩევნების მიმართ უნდობლობას თესდა და ძალიან მკვეთრად არ ემიჯნებოდა სააკაშვილის მოწოდებებს იმაზე, რომ "შულერთან სათამაშოდ არ ჯდებიან", რომ "არჩევნებს აზრი არ აქვს".

შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვინც არჩევნების ალტერნატივად წინასწარ სახავდა რევოლუციას და ამაზე საუბრობდა, როგორც საჯაროდ, ისე პირადად, შემდეგ ამ საუბრებს ოცნება ისმენდა, იწერდა, აქვეყნებდა და დასავლეთში ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა.

ქმედება იწვევს უკუქმედებას.

პოლიტიკაში სიტყვაც არის ქმედება.

როცა 8 წელი იმას გაიძახი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და მხოლოდ რევოლუციურ მესიად განიხილავ დაბრუნებას, იგივეს ითხოვ თანამებრძოლებისგან და მხარდამჭერებისგან, ხოლო ვინც ამაში არ გეთანხმება, მოღალატედ და ოლიგარქთან გარიგებულად აცხადებ - კი აუცილებლად გეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე.

ამიტომ გაიყო ნაციონალური მოძრაობა, გასაგები გახდა სააკაშვილის არჩევანი და მისი სრული შეუთავსებლობა ივანიშვილის დამარცხების ამოცანებთან.

მაგრამ სააკაშვილის არჩევანი არის სააკაშვილის არჩევანი, ვერც ამერიკა და ვერც ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუ თავად არ ქნა, ან მისმა პარტიამ.

მთავარია სააკაშვილის მიღმა ოპოზიცია მიხვდეს და ბოლომდე გაითავისოს რა მოეთხოვება - მრავალპარტიული დემოკრატიის იდეისადმი ერთგულება, თავგასულობისკენ მიდრეკილი შეუგნებელი ლიდერების დაბალანსების ნება, უნარი და ამის მუდმივი დემონსტრირება.

ანუ, თუ ადრესატად არა შეუგნებელ ლიდერებს, არამედ შეგნებულ ოპოზიციას ჩავთვლით - გასაგებია, რაც უნდა ქნას დემოკრატიულმა ოპოზიციამ. საააკაშვილისგან სრული დამოუკიდებლობა და მრავალპარტიული დემოკრატიისადმი სრული ერთგულება აჩვენოს.

და რაც მთავარია - მყარად დადგეს ვადამდელი არჩევნებზე, როგორც, ერთი მხრივ ბელორუსიზაცის, მეორე მხრივ რადიკალური სცენარის თავიდან აცილების გზაზე.

ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ შერგოლეიშვილი Facebook-ზე ეხმაურება 23 მარტს აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენას, რომელიც საქართველოს შეფასებას ეხებოდა. სენატორებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ კრიზისზე და აღნიშნეს, რომ საქართველოში სასამართლოსა და მედიაზე ოლიგარქიული გავლენები იზრდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსანმა კი ოპოზიციური ლიდერის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად შეაფასა.

კომენტარები