COVID-19-ის ვაქცინები

ამერიკის ქუჩებში დამკრძალავი ბიუროს მანქანა გამოჩნდა, წარწერით – არ აიცრათ 

"არ აიცრათ. ვილმორის დამკრძალავი ბიურო"
CNN

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის ქუჩებში დამკრძალავი ბიუროს სატვირთო მანქანა გამოჩნდა, რომელსაც რეკლამის სახით აწერია: "არ აიცრათ".

CNN-ის ინფორმაციით, შავი სატვირთო რეალურად არ ეკუთვნის ვილმორის დამკრძალავ ბიუროს, სინამდვილეში, ის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ნაწილია. 

რეკლამაზე მითითებულ ვებ-გვერდზე გადასვლისას მომხმარებლებს არა დამკრძალავი ბიუროს ოფიციალური გვერდი, არამედ შემდეგი წარწერა ხვდებათ: "ახლავე აიცერით, თუ არა, მალე შევხვდებით, ვილმორის დამკრძალავი ბიურო".

ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, სისტემას ვაქცინაციის პლატფორმის სარეგისტრაციო გვერდზე გადაჰყავხართ. 

"ვფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია კარგად ვეღარ მუშაობს. მაგალითად, "მიიღეთ ვაქცინა" ან "წადით, აიცერით" მოსახლეობას თვალში აღარ ხვდება.

ჩვენ გვინდოდა ხალხს ვაქცინაცია განსხვავებული პერსპექტივიდან დაენახათ და ამ გზით მათი ყურადღება მიგვექცია. თუკი ჩვენი სარეკლამო კამპანიის წყალობით ერთი ადამიანი მაინც აიცრება, ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია". – ამბობს სატვირთოს დამკვეთი სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი, დევიდ ოუკლი CNN-თან ინტერვიუში.

თვითმხილველების შეფასებით, ფეხბურთის სტადიონის წინ გაჩერებული სატვირთო მანქანა მოსახლეობის დიდ ყურადღებას იქცევდა. ოუკლის თქმით, სატვირთოს სწორედ ისეთ ადგილებში აჩერებენ, სადაც ხალხმრავლობაა, რათა მეტი ადამიანი აიცრას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. 
 

კომენტარები