თეა წულუკიანი

ახობაძე წულუკიანზე: ორჯერ მოვუგე სასამართლო, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტ ტვ-ის ეთერში თქვა, რომ  კულტურის სამინისტროში დასაქმებულებს პოლიტიკური ნიშნით არ გაარჩევდა, თუ ხელს არ  მიჰყოფნდენ "საბოტაჟს".

თეა წულუკიანის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა დროა-ს ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ახობაძე, რომელიც წულუკიანის ბრძანებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს. ახობაძემ სამინისტროს დავა ყველა ინსტანციაში მოუგო.

თამაზ ახობაძე ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა მისი მხრიდან საბოტაჟის ან პარტიული აქტივიზმის. მიუხედავად ამისა, წულუკიანმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„შევახსენებ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ მე პირადად ორჯერ მოვუგე მას სასამართლოს სამი ინსტანცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული, ბათილად სცნო იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება და დააკისრა ჩემი სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე განაცდენი ხელფასის ჩარიცხვა. არანაირი მტკიცებულება, რომ მე რომელიმე პარტიის აქტივისტი ვიყავი და საბოტაჟს ვაწყობდი სამინისტროში, მათ არ წარმოუდგენიათ. ვერც წარმოადგენდნენ, რადგან გათავისუფლებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ევროკავშირს ვყავდი დაჯილდოვებული სამინისტროში არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამის განსაკუთრებით ეფექტური მენეჯმენტისთვის, არცერთი საყვედური ან შენიშვნა მიღებული არ მქონდა.

ჩემს გარდა ქალბატონი წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს ძალიან ბევრი პროფესიონალი შეეწირა. სამაგიეროდ, მას მოჰყავდა საკუთარი პარტაქტივი, უკონკურსოდ ასაქმებდა მანამდე არარსებულ პოზიციებზე და ძალიან მალე აწინაურებდა. ახლა კულტურის სამინისტრო უნდა მოიყვანოს თავის ჭკუაზე, როგორც  ჩანს“. – ამბობს თამაზ ახობაძე


კომენტარები