ვაქცინაცია

ტიკარაძე ექთნის გარდაცვალებაზე: რეგულირების სააგენტოს ამ ეტაპზე დარღვევა არ აღმოუჩენია

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ამ ეტაპზე დარღვევა არ აღმოუჩენია. 

"ფაქტის გამოძიებაში არამხოლოდ რეგულირების სააგენტოა ჩართული, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზა, რასაც სამინისტრო მიესალმება. შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ დასკვნას ჩვენ ველოდებით სამხარაულიდან, რომ ზუსტად დადგინდეს სიკვდილის მიზეზი და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იყო თუ არა რამე გადაცდომა. 

პირველადი მოკვლევით, რომელიც ჩაატარა რეგულირების სააგენტომ, იქ ყველა საჭირო მანიპულაცია ჩატარდა. რეგულირების სააგენტოს, ამ ეტაპისთვის, დარღვევა არ აქვს აღმოჩენილი. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს, სამხარაული თავისი კომპეტენციების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ეს ორი მიმართულება შეჯერდება და ამის საფუძველზე დაიდება დასკვნა". – თქვა ტიკარაძემ რ2-ის ეთერში. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა "ამ კვირაში იქნება".

27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები