პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი და წინადადება

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას ნამდვილად ჰქონდა "უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება". მდინარაძეს "მოლაპარაკებების პირობის" მიზეზით არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შეთავაზება დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. 

"ის კომპრომისული ნაბიჯები და წინადადებები, რომლებიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან, ისევ დევს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზად ვართ, კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს ეტაპი მოლაპარაკებებისა კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა. ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, ანუ მათ მნიშვნელოვან ნაწილს, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის ეთქვა სიმართლე, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა". – თქვა მდინარაძემ მმართველ პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 


18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე – "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები