კორონავირუსი საქართველოში

გასულ კვირას COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის 0,1%-ს, მოსწავლეების 0.01%-ს დაუდასტურდა

thedailysheeple.com

განათლების სამინისტროს ცნობით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების 0,1%-ს დაუდასტურდა, მოსწავლეებიდან კი 0.01%-ს. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არდადეგების დაწყებამდე პერიოდის იდენტურია.

სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა,
მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.

"მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება, რაც გასულ სტატისტიკასთან შედარებით,
შემცირებული მაჩვენებელია. ასევე, გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა
რაოდენობა, რომლებმაც თავის დროზე ონლაინ სწავლება აირჩიეს". – ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით კვლავ 69 პედაგოგი რჩება. აღნიშნული პედაგოგები წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს, რომლებმაც სკოლებს დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 169 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი.   

კომენტარები