ვაქცინაცია

ტიკარაძე: საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. თქვა ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს".

"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ევროპის მკაცრმა მარეგულირებელმა. რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ მათგან ასტრაზენეკას მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზე ის არის აღიარებეული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს ასტრაზენეკას მოხმარება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

რაც შეეხება დღეს მომხდარ ფაქტს, ახალგაზრდა ექთანთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მთავარი სამსჯელო იყო საბჭოსთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო, როგორც იცით, დღის 16:00-ზე უკვე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომლებიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებით.

ყველა ამ დოკუმენტაციას გადავცემთ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც, ჩვენ მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს არსებული ფაქტი". - თქვა ტიკარაძემ.

რაც შეეხება 27 წლის ექთანს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

"ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00-ზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებით" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

27 წლის ექთანს 18 მარტს, ახალციხეში,  აცრის შემდეგ "დაუყოვნებელი რეაქცია" განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას".

კომენტარები