პოლიტიკური კრიზისი

ბორელი: კრიზისიდან გამოსასვლელად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას

ბრუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბორელის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის ფარგლებში გამართული შეხვედრები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ეს შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება.

"შემოდგომაზე ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა არაერთხელ თქვა, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გამონახონ საერთო და ეძებონ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უნდა გაუმკლავდეს კორონავირუსის პანდემიას და გაატაროს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმების დღის წესრიგი, რომელმაც უნდა მოიცვას საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა. არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ინკლუზიური ლიდერობის უზრუნველყოფა. ნება მომეცით, პრემიერმინისტრის თანდასწრებით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსავლის მიღწევაში და ასევე, პარლამენტის ბოიკოტი არ არის სასარგებლო ქმედითი დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის. პარლამენტის ბოიკოტით ვერ ვიპოვით პრობლემებზე პასუხს პოლიტიკურ პლურალიზმში. ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში უნდა შეხედოს მიმდინარე მდგომარეობის შედეგებს. ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და იპოვონ კომპრომისები". – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია პოლიტიკური პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში და ცოტა ხნის წინ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდნენ. 

"სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ პრემიერმინისტრთან საუბრიდან ვხვდები, რომ ის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესის ერთგულია და იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამ". – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

კომენტარები