პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მედიატორის ნაცვლად მთავრობა ამბობს, დამთავრდა ყველაფერიო, სირცხვილიცაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოება შეჩვეულია ქართული ოცნების მხრიდან "ექსტრაორდინალურ" ნაბიჯებს, თუმცა ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამი სიტყვები, დისკუსიების გადადებასთან და მოლაპარაკებების დამთავრებასთან დაკავშირებით, "სირცხვილიცაა".

"ბუნებრივია, მედიატორი შენ გისმენს, მერე მიდის მეორე მხარესთან. თუ იმ პოზიციებზე დაყრდნობით, რა პოზიციებიც აქვს მოსმენილი ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, შესაძლებლად თვლის, რომ უკვე ისე დაახლოვდა პოზიციები, რომ შეიძლება ეს გააკეთოს, მაშინ იდგმება შემდეგი ნაბიჯი. ეს ნაბიჯი არ გადაიდგა დღეს და აქედან ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის, რომ ვერ დაახლოვდა პოზიციები.

ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ ყველაზე მწვავე რომელი საკითხებია, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჩვენ არ ვიცით, იმ შეხვედრაზე რა მოხდა, ეს არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები, ეს ორი საკითხია. ბევრი სხვა საკითხიცაა მნიშვნელოვანი. 

ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან მივეჩვიეთ "ექსტრაორდინალურ" ნაბიჯებს, მაგრამ ეს, რომ მედიატორია ჩამოსული და მედიატორის ნაცვლად მთავრობა ამბობს, დამთავრდა ყველაფერიო და იმ კაცს არ აცლიან, რომ თქვას, სირცხვილიც არის. ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ არ ვიყოთ, კომიკურიც იქნებოდა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ირაკლი კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, დისკუსიები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომაზე 16 მარტს უნდა წარდგეს. მისივე თქმით, "ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილები არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული".

ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კომენტარები