პოლიტიკური კრიზისი

ლომჯარია მხარეებს: ამდენ ჯანჯღარს ქვეყანა ვეღარ უძლებს, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ!

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ​ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრებს ეხმაურება. ლომჯარია მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს. 

"შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!". – წერს ლომჯარია Facebook-ზე

ირაკლი კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, დისკუსიები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომაზე 16 მარტს უნდა წარდგეს. მისივე თქმით, "ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილები არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული".

ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კომენტარები