ჩანაწერები

ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის სააკაშვილის მცდელობა, სიყალბე და ფაბრიკაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს 6 დღის შემდეგ ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაბრიკაცია.

"მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, რომ გამეკეთებინა კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ კარგად გვესმის, საიდან და ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის, მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. 

ეს არის დასაგმობი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, დაუშვებელი და მიუღებელი. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას". - ამბობს ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშილი განმარტავს, რომ ჩანაწერები 2011 წელს არის გაკეთებული. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს მინისტრები ურეკავენ. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, 2011 წელს ის ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა და მინისტრებთან კომუნიკაცია ამ მიზეზით ჰქონდა.

"მე არ მსურს, ამ მდარე ხარისხის პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება, მაგრამ, ვინაიდან გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა, რომ გავაკეთო განმარტება - ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. 

თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ - მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმელმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით საქველმოქმედო პროექტებს, 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მათ შორის, მინისტრებთან. მე მქონდა არაერთი შეხვდრა აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან, ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, კიდევ იყო ერთ-ერთი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ჩენი ხშირი სტუმარი იყო, როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი. მე მგონი, პასუხი ძალიან მარტივია, რომ მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და არანაირი ლოგიკა არ არსებობს იმის, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული ეს საკითხი. საუბარი იყო იმაზეც, რომ ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, მე პოლიტიკა დატოვე 2015 წლის დეკემბერში. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც არალეგიტიმურია". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ 9 მარტს ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში ბერა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის ავთენტურია.   


6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ. 

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. გუშინ, 11 მარტს, სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს.

კომენტარები