ჩანაწერები

პროკურატურა: არავინ აპირებს TV პირველში შეჭრას და შევარდნას

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა გეგმავს ტვ პირველში შეჭრას, სიცრუეა.  

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას, ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენ მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას".- აცხადებს უწყება ტაბულასთან.

მათივე განცხადებით, TV პირველის გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

"გამოძიების მიზანია, სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

განვმარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიოფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია TV პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, ტვ1  მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიო ფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ".- აცხადებს პროკურატურა. 


სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები