ჩანაწერები

ხოშტარია განჩინებაზე: ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა

პოლიტიკური მოძრაობა დროა-ს ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ტელეკომპანია პირველთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. 

"წარმოუდგენელი უკანონობაა. ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირადი შურისძიება. ნაცვლად იმისა, რომ ეს მოსამართლეები და პროკურორები კანონს ასრულებდნენ - ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს იბარებდნენ დაკითხვაზე და, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილსაც, გაბრაზებულზე პირდაპირ გადმოვიდნენ შერისძიებაზე. 

ეს არ გაუვათ, პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ, ჩვენ თუ შევეგუეთ იმას, რომ ტელევიზიაში შევარდება სპეცრაზმი თუ ჟურნალისტს ძალით რაღაცას წართმევაზე გადავედით, აღარ არსებობს სახელმწიფო". - ამბობს ელენე ხოშტარია ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.


სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები