ტაივანის ეკონომიკა

აშშ-მ, შესაძლოა, ტაივანს ვალუტის მანიპულატორის სტატუსი მიანიჭოს

ფოტო: ft.com

ტაივანის ცენტრალური ბანკის დირექტორის, იანგ ჩინ-ლონგის თქმით, შესაძლოა, აშშ-მ ტაივანს ვალუტის მანიპულატორის სტატუსი მიანიჭოს, რადგან ის უკვე აკმაყოფილებს ვაშინგტონის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. 

პარლამენტის წინაშე ჩინ-ლონგმა თქვა, რომ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ტაივანი მოხვდება ვალუტის მანიპულატორთა სიაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაივანი დაკარგავს აშშ-ს მხარდაჭერას და აღმოჩნდება 301-ე სექციის წინაშე, რომელიც ტარიფებს ითვალისწინებს. 

ვალუტის მანიპულატორის სტატუსს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ანიჭებს იმ აქტორებს, რომლებიც ე.წ. არასამართლიან სავალუტო პრაქტიკას ახორციელებენ. 

ვალუტის მანიპულაციად მოაზრება ისეთი სავალუტო ინტერვენცია ან მონეტარული პოლიტიკა, როდესაც ცენტრალური ბანკი ყიდულობს ან ყიდის უცხოურ ვალუტას ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენის მოხდენის მიზნით. 

ამჟამინდელი მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 28.15 ტაივანურ დოლარს (TWD) უდრის. 

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ტაივანთან 2020 წელს 29.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 7 მილიარდი დოლარით მეტია, ვიდრე 2019 წელს.

ეკონომისტთა ნაწილი სავაჭრო დეფიციტის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად ტაივანის მხრიდან ვალუტის მანიპულაციას მიიჩნევს. 

2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვალუტის მანიპულატორის სტატუსი ვიეტნამსა და შვეიცარიას მიანიჭა. გარდა ამისა, ტაივანი, ინდოეთი და ტაილანდი მონიტორინგის სიაში დაამატა, სადაც ამ ქვეყნების გარდა, ჩინეთი, გერმანია, იაპონია კორეა, იტალია, სინგაპური და მალაიზია არიან.

კომენტარები