ჩანაწერები

მათიკაშვილი TV პირველზე: ჩემთვის წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას

საქართველოს პარლამენტი

"ჩემთვის წარმოუდგენელიც არის რაღაცა ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას".- ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინების მიხედვით, გამოძიებას უფლება მიეცა, წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. 

მათიკაშვილი ამბობს, რომ "აქ არ იქნება შეჭრაზე და რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი" და "საუბარია თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და ყველა დანარჩენ პირს შორის, მათ შორის ტელევიზიებს შორის".

"სწორედ ამ ტელევიზიის ეთერში გავიდა ეს სიუჟეტი და პირველ რიგში ეს ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა, როცა საზოგადოებას ამცნობს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, ჩემი აზრით, ცრუ ინფორმაციას, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საკითხი დადასტურებული და საზოგადოებისთსვის ცნობილი იყოს, ამისთვის ტარდება გამოძიება".- ამბობს მათიკაშვილი. 

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები