რაგბის კავშირი

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რადგან ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა. 

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა ჩატარდა, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ უკვე აირჩიეს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე ჩაიშალა. საბოლოოდ არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ლაშა (ბაჩო) ხურციძე, თუმცა ხურციძემ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მონაწილეობა არ მიეღოთ.

დარჩენილმა წევრებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. 2021 წლის 6 იანვარს,  აბუსერიძემ საჯარო რეესტრს მიმართა და მოითხოვა პრეზიდენტად რეგისტრაცია, რაზეც "ხარვეზების მიზეზით" უარი მიიღო.

კერძოდ, საჯარო რეესტრის განცხადებით, კრებაზე, რომელზეც ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, კვორუმი არ იყო.

"ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო  ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა. თუმცა კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ ის პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება. სინამდვილეში კი კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა“, – წერს საჯარო რეესტრი.

რაგბის კავშირის ახალარჩეული პრეზიდენტი, ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებშია ჩართული, რაც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მას მხარს ბიძინა ივანიშვილი, TV პირველთან საუბარში მან უპასუხა, რომ "ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ ეს, მაგრამ მე მგონი, რომ რაგბს რასაც მხარს უჭერს, მაგაზე მეტი მხარდაჭერა აღარ არსებობს“.

კომენტარები