ჩანაწერები

"გამოდი ღირსებისთვის" – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ტაბულა

"გამოდი ღირსებისთვის" - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მას შემდეგ დაინიშნა, რაც ტელეკომპანია პირველმა ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც, ავტორების ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ. 

"დღეს პროკურატურის განცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს 1 ადამიანი და მისი გარემოცვა. ამ 3 დღის განმავლობაში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს გამოძიების დაწყების. დღეს დილით გამოვიდა ზარქუა, თქვა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მოპოვების და მიყურადების საფუძველზე და ერთ საათში პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება იწყება. 

ეს არის შერჩევითი სამართალი და ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ამხელენ სისტემის სახეს - კლანური, მაფიოზური მმართველობის". – ამბობს აქტივისტი ნიკა ფარულავა მთავართან ინტერვიუში. 


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები