აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის იმ წევრებისთვის, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებდნენ.
ბაიდენის განმარტებით, ზემოხსენებული საჯარო მოხელეები დაუღალავად ემსახურებოდნენ აშშ-ს და არ იმსახურებენ იყვნენ "გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე".
ამასთან, ბაიდენის თქმით, წინასწარი შეწყალება არცერთ შემთხვევაში "არ უნდა ჩაითვალოს, როგორც აღიარება, რომ თითქოს რომელიმე მათგანი ჩართული იყო რაიმე დანაშაულში".
"განსაკუთრებული გარემოებებია და არ შემიძლია, რომ არაფერი გავაკეთო. უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები უდიდეს ზიანს აყენებს მათ და მათი ოჯახების ცხოვრებას, უსაფრთხოებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას.
შეწყალების გამოცემა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც აღიარება, რომ თითქოს რომელიმე მათგანი ჩართული იყო რაიმე დანაშაულში. შესაბამისად, შეწყალებაზე თანხმობაც არ უნდა იყო მიჩნეული, როგორც რაიმე დანაშაულის აღიარება. ჩვენი ქვეყანა ვალშია ამ საჯარო მოხელეებთან, მათი დაუღალავი ერთგულების გამო ჩვენი ქვეყნისადმი". - წერს ბაიდენი განცხადებაში.
ბაიდენის შეწყალება ფაუჩისა და მისლსთან ერთად, წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის იმ წევრებს, ასევე მათ თანამშრომლებს და ოფიცრებს შეეხებათ, რომლებმაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში ჩვენება მისცეს.
როგორც CNN აღნიშნავს, ამ შეწყალებით ბაიდენი საპრეზიდენტო ისტორიაში ახალ ნაბიჯს დგამს, "რადგან წინასწარი შეწყალების სია ასეთი მასშტაბური არასდროს ყოფილა. როდესაც ჯერალდ ფორდმა მისი წინამორბედი, რიჩარდ ნიქსონი შეიწყალა, მაშინ ნიქსონი მის წინააღმდეგ სამართალწარმოების რეალური საფრთხის წინაშე იდგა, ბაიდენის სიაში კი არცერთია დაუყოვნებლივი საფრთხის ქვეშ, თუმცა, ბაიდენი თვლის, რომ საფრთხე რეალურია, დაცვა კი საჭირო".