რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთი: ფერად რევოლუციებს რუსეთთან ერთად უნდა ვებრძოლოთ

Global Times

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, ჩინეთი და რუსეთი ფერად რევოლუციებსა და დეზინფორმაციას ერთად უნდა ებრძოდნენ, რათა სუვერენიტეტი და პოლიტიკური უსაფრთხოება გაიმყარონ.

"ჩვენ [ჩინეთმა და რუსეთმა] საერთო სტრატეგიული ნდობა უნდა გამოვიმუშაოთ და ჩვენი მთავარი ინტერესები უნდა დავიცვათ. ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ ფერადი რევოლუციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად". – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ფერადი რევოლუციის სახელით მოიხსენიებენ 2000-იანი წლებიდან დაწყებულ რევოლუციათა ტალღებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ფერად რევოლუციებს ეკუთვნის საქართველოში მომხდარი 2003 წლის ვარდების რევოლუციაც. ავტორიტარულ რეჟიმებში ფერად რევოლუციებს მუდამ აშშ-სა და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ გადატრიალებებად ახასიათებდნენ. 

ვან ის თქმით, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ კეთილმეზობლობისა და მეგობრული კოოპერაციის შეთანხმების განახლებაზე. მისი შეფასებით ეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ხდება.

"რუსეთი და ჩინეთი COVID-19-ის მსგავსი საუკუნის მოვლენის, პანდემიისა და პოლიტიკური ვირუსის წინააღმდეგ მხარდამხარ უნდა იდგნენ. მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის ბურჯად ერთად მყოფი რუსეთისა და ჩინეთის გარდა ვერავინ დარჩება". – თქვა ვან იმ.

"რაც უფრო მეტად არასტაბილურია სამყარო, რუსეთისა და ჩინეთის კოოპერაცია უფრო მეტად არის საჭირო". – დაამატა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები