აშშ-სომხეთი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და სომხეთის პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ენტონი ბლინკენი და ნიკოლ ფაშინიანი

6 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ვესაუბრე. სომხეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განგრძობადი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად" - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრასიმაც. 

"მდივანმა ბლინკენმა და პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს აშშ-სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას და მან გამოხატა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების განვითარებაში. სახელმწიფო მდივანი მიესალმება ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განგრძობადი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად, რომელიც რეგიონში ხალხს სარგებელს მოუტანს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ტიგრან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა. მან ასევე გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტმა სარქისიანმა უარი თქვა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებოდნენ.

თუმცა, ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ ვერ შეთანხმდნენ

კომენტარები