არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი

გომელაური 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე: თქვენი, ჩემი, ყველას ბრალია

ვახტანგ გომელაური
საქართველოს მთავრობა

"ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა იძახის – სად იყო პოლიცია, მე, რა თქმა უნდა არ ვირიდებ, მაგრამ საზოგადოების - ყველას ბრალიცაა – თქვენი, ჩემი, ყველას ბრალია". - თქვა ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას.

"ეს 13 წლის ბავშვი, რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ ამ ფაქტზე. არ მინდა, დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები, საერთოდ არავის არაფერი არ უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს … ეს საზოგადოების პრობლემაცაა, არაა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა. არანაირი ძალადაობა არ დაუფიქსირებია. სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა. არავითარი პრობლემა არ ყოფილა, მერე გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და თუ ვინმე გამოიკვეთება, მიდის გამოძიება,  მასაც დავაკავებთ". - ამბობს გომელაური.


გუშინ, 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გორში 13 წლის მოზარდმა იმშობიარა. საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული. 

ასევე, 14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისივე თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 

    კომენტარები