პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე: სააკაშვილს შეუძლია განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, ოპოზიცია არის ერთ აზრზე

"მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. ამ წუთში ოპოზიცია არის ძალიან სოლიდურად, კონსოლიდირებული, ერთიან პოზიციაზე და არა მგონია, რამე ემუქრებოდეს ამ პოზიციას". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, ფორმულას ეთერში საუბრისას თქვა. 

მისი შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციის წევრების აზრი სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებულია, არასწორია. 

"ეხლა საუბარი იმაზე, რომ რაღაც აზრთა სხვადასხვაობა არის ოპოზიციაში ამ 6 პუნქტთან მიმართებაში, არასწორია, ჯერ ერთი, პოზიცია საერთოა, თუმცა, შეიძლება იყვნენ ადამიანები, მარტო სააკაშვილი არა, სხვებიც, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. ეს ნორმალური ამბავია. ყველა ერთ აზრზე ტაქტიკურ საკითხებზე ვერ იქნება, აქ მთავარი არის სტრატეგიული საკითხები, ანუ ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დევნის დასრულება და არჩევნების საკითხები". - ამბობს კაპანაძე. 

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. 


1-ლ მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს დაემატა კიდევ 2 პუნქტი, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. 

კომენტარები