ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

რადიო თავისუფლება

ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 2 მარტს განახლდა. სასამართლოზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, Bellingcat-ის ჟურნალისტი დაიკითხა. გამოძიების მთავარი ეჭვმიტანილის, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვის ვინაობის დადგენაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ Bellingcat-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ითამაშა.

როგორც Deautche Welle წერს, Bellingcat-ის ჟურნალისტის თანახმად, რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურთან ბრალდებულის ცოლიც არის დაკავშირებული. ჩვენების მიხედვით, 2019 წელს კრასიკოვის ცოლი და შვილი მოსკოვიდან ყირიმში ყალბი სახელებით და რუსული სპეცსამსახურების თანხლებით გაფრინდნენ. ეს ინფორმაცია Bellingcat-მა ავიარეისების მგზავრებისა და სატელეფონო მონაცემებზე დაყრდნობით მოიპოვეს. გამოცემის ჟურნალისტის თანახმად, სწორედ სხვადასხვა მონაცემების ბაზებზე დაყრდნობით, მათ შორის ავიარეისების მგზავრების, რუსეთის სატელეფონო კომპანიების ბილინგის მონაცემების, შენგენის ვიზაზე განაცხადების შემტანთა, ევროკავშირში ავტობანების ვიდეოჩანაწერების მონაცემთა ბაზებიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოცემამ შეძლო, დაედგინა ხანგოშვილის მკვლელის ნამდვილი ვინაობა.

Bellingcat-ის ჟურნალისტის დაკითხვა სასამართლოში 4 დღეს გაგრძელდება. სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ვადიმ კრასიკოვს განაჩენს აპრილის ბოლოს გამოუტანენ. 


საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები