თურქეთი

2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა

AA

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თურქეთის ეკონომიკა 2020 წელს 1.8%-ით გაიზარდა და $717 მილიარდი დოლარის ნიშნულს გადააჭარბა.

ინფორმაციას ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. 

G20-ის ქვეყნებიდან 2020 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ჩინეთსა და თურქეთში დაფიქსირდა. დანარჩენების ეკონომიკა, მეტწილად, შემცირებულია. 

თურქეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის დაწყებამდე, 4.5%-ით იზრდებოდა. ამას მოჰყვა 10.3%-იანი შემცირება მეორე კვარტლის ეკონომიკური შეზღუდვებისა და მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე. მესამე და მეოთხე კვარტალში ქვეყანამ რეცესიიდან ამოსვლა მოახერხა, ამ პერიოდებში, შესაბამისად, ეკონომიკა 6.3% და 5.9%-ით გაიზარდა.

ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს თურქეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.9%-ით გაიზარდა, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე კი ქვეყანამ, 2020 წელს, ზრდის ტემპის გაორმაგება მოახერხა. 

2020 წელს, წინა პერიოდთან შედარებით, თურქეთის ჯამური იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი 15.4%-ით შემცირდა. 

2020 წლის ბოლოს თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $8 599 დოლარს გაუტოლდა.


2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა. 

2021 წლის იანვარში კი ქვეყნის მშპ კიდევ უფრო მეტად, 11.5%-ით შემცირდა. 

კომენტარები