სომხეთი

ფაშინიანმა სომხეთის მმართველობითი სისტემის ცვლილების რეფერენდუმი დააანონსა

France24

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო ფორმიდან ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. 

ამის შესახებ მან 1 მარტს ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მისი მხარდამჭერების მიერ ჩატარებული აქციის დროს ისაუბრა. 

ფაშინიანის თქმით, ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობა ხელს შეუშლის შიდაპოლიტიკური კრიზისების წარმოქმნას და სტაბილურობის გარანტიორი იქნება. 

ფაშინიანის მხარდამჭერთა აქცია ყარაბაღის ომში დაღუპულთა პატივსაცემი წუთიერი დუმილით დაიწყო. ასევე მან ომის დროს მთავრობის დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოიხადა. 

"ყოველ მოქალაქეს ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო". – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოითხოვა სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლება. ეს ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის განცხადების გამოქვეყნების შემდეგაც მოითხოვა, მაგრამ პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ფაშინიანის თქმით, სომხეთში არსებული კონფლიქტი მთავრობასა და ოპოზიციას შორის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგისიანის პროვოცირებულია და მას მოღალატე უწოდა.

ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები შესთავაზა.

ფაშინიანის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, სომხეთის პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიტინგი გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, ფაშინიანის მხარდამჭერთა რიცხვი ხუთჯერ აღემატებოდა ოპოზიციონერებს. 


სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ტიგრან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა. მან ასევე გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტმა სარქისიანმა უარი თქვა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები