კორონავირუსი

WHO: კორონავირუსის ანტისხეულები მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს

Health Policy Watch

პირველი მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს.

ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინათანი აცხადებს

კითხვაზე, გამოიმუშავა თუ არა იმუნიტეტი იმ დიდი ქალაქების მოსახლეობამ, სადაც ვირუსი აქტიურად იყო გავრცელებული, მეცნიერმა პასუხად 500-მდე საერთაშორისო კვლევის დასკვნა მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მსოფლიოს 10%-ზე ნაკლებს აქვს.

"ქალაქებში, სადაც ვირუსი ფართოდ იყო გავრცელებული, მოსახლეობის 50-60%-ს იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი, რეგიონი ან ქვეყანაა დაცული". – აცხადებს იგი.

სვამინათანის თქმით, გლობალური იმუნიზაციის მიღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს COVAX პლატფორმას, ვაქცინების დროულად მიღების მიზნით. მანამდე კი, მეცნიერის აზრით, ყველა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმა უნდა დავიცვათ. 


გამოცემა Bloomberg-ის ცნობით ვაქცინაცია ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს 103 ქვეყანაში. 

ჯამურად ამ 103 ქვეყანაში უკვე გაკეთდა 241 მილიონი აცრა. ყოველდღიურად მსოფლიოში 6.7 მილიონი აცრა კეთდება. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დამარცხება 4.6 წელი დაჭირდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის ტემპი მსოფლიოში მნიშვნელოვნად დაჩქარდება. 

საქართველოს ჯამურად Astrazeneca-ს მიერ წარმოებული 334 000 დოზა ვაქცინა აქვს ნაყიდი. აქედან 184 000 დოზა ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით, ხოლო 184 000 დოზა პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდა. თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. 

კომენტარები