ვაქცინაცია

გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ Pfizer-ის ვაქცინას საქართველო მარტის პირველ-ორ კვირაში მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია Pfizer-ის, კოვაქსის და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას. 

ქვეყანას თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა უნდა მიეღო, თუმცა, როგორც გაბუნია ამბობს, დამატებითი მოთხოვნების გამო მოწოდება გადავადდა. 

"მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ-ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით  Pfizer-ისგან". – ამბობს გაბუნია. 

მისისვე თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს AstraZeneca-თანაც და დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

 21 თებერვალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ  ვაქცინაციის დაწყებას 1-2 კვირით დაგვიანდება. 

22 თებერვალს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში პირველი ვაქცინა მარტის დასაწყისში შემოვა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოსახლეობის 60% აიცრება. 

ვრცლად, მოსახლეობის რამდენი პროცენტის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი წლის ბოლომდე, წაიკითხეთ - აქ

კომენტარები