ღირსების მკვლელობა

ღირსების მკვლელობა და 14 წლის გოგოს გარდაცვალება – რა კავშირია მათ შორის?

ღირსების მკვლელობა

ღირსების მკვლელობა და 14 წლის გოგოს გარდაცვალება – რა კავშირია მათ შორის?

“თავის მოკვლით დანაშაული გამოისყიდა, დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო”, – უთხრა ჟურნალისტს ბაბუამ, რომლის 14 წლის შვილიშვილმაც სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა.

მოზარდის ბიძის თქმით, შეძულდა ბავშვი, მას შემდეგ, რაც მასზე იძალადეს. დედა იმასაც ამბობს, რომ მის შვილს გაუპატიურების შემდეგ ბიძებმა ისე სცემეს, რომ მეორე დღეს გოგოს ბალიშზე თავის დადება უჭირდა.

რატომ დაარქვა ბაბუამ მოზარდის თვითმკვლელობას “დანაშაულის გამოსყიდვა” და რატომ არიან ოჯახის წევრები მის მიმართ ემპათიისგან დაცლილები?

საქმე “ღირსების” შენარჩუნების მცდელობასთან გვაქვს - როდესაც ოჯახის წევრები ცდილობენ, არ დაკარგონ სტატუსი, რომელიც ისეთ საზოგადოებაში მოიპოვეს, სადაც ადამიანებს, უფრო ხშირად კი გოგოებს, ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ეძლევათ და სექსი მათ მიერ ჩადენილ დანაშაულად აღიქმება, მაშინაც კი, როდესაც გოგო არასრულწლოვანია და მასზე ძალადობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედია ერთი შეხედვით პირდაპირ არ ერგება “ღირსების მკვლელობის” განმარტებას, ოჯახის წევრების რეაქციებმა და გამოძიებაში არსებულმა საქმის მასალებმა გვაჩვენეს, რომ საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს.

მკვლელობა, რომელსაც თავისი მოტივებიდან გამომდინარე “ღირსების მკვლელობა” ეწოდა, დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ქვეყნისათვის მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

რა არის ღირსების მკვლელობა?

“ღირსების მკვლელობა” ხდება მაშინ, როდესაც ოჯახის წევრი თავისივე ოჯახის წევრს კლავს ან ის თვითმკვლელობამდე მიჰყავს, რადგან თვლის, რომ მან თავისი ქმედებებით ოჯახის ღირსება შელახა და ამის გამოსწორების ერთადერთი გზა მისივე სიკვდილია. არ არსებობს უახლესი მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რა გადანაწილებაა მსხვერპლების გენდერებს შორის პროცენტულად, თუმცა, როგორც წესი ღირსების მკვლელობის ობიექტები ქალები ხდებიან, მაგრამ ის ასევე შეიძლება შეეხოს კაცსაც და ასეთი გახმაურებული შემთხვევები მრავლად არსებობს.

ოჯახისთვის ღირსების აღდგენის მოტივით მკვლელობის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, რაც კოლექტიური ნორმებიდან გადახვევასა და ადამიანის სექსუალობის გამოვლინებას უკავშირდება, მაგალითად: ქალისთვის სასურველ და ოჯახისთვის მიუღებელ ადამიანზე დაქორწინება, ქმართან განქორწინება, მაშინაც კი როდესაც ის მოძალადეა, ქორწინებამდე სექსი ან დაორსულება, გამომწვევად აღქმული ტანსაცმლისა ან აქსესუარების ტარება და ჰომოსექსუალობა. ამასთან ერთად, ოჯახის წევრმა ღირსების მკვლელობა შეიძლება ჩაიდინოს მაშინაც, როდესაც ქალს ან გააუპატიურებენ, ან მასზე სექსუალურად იძალადებენ. ასეთ დროს საქმეში ერთვება დაუქორწინებელ ძალადობის მსხვერპლ ქალებზე წარმოქმნილი სტიგმები, რომ მათ ქალწულობა უკვე დაკარგული აქვთ და შესაბამისად, მათი რეპროდუქციული ღირებულება აღარ არსებობს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ორია - ან მოძალადაზე ქორწინება, ან სიკვდილი.

მკვლელები ოჯახის წევრების დასასჯელად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ ხოლმე და როგორც წესი თითოეული მათგანი ძალიან ბრუტალურია. ღირსების მკვლელობის დროს ადამიანი შეიძლება დაწვან, მოკვეთონ თავი, გამოფატრონ, გამოჭრან ყელი, ესროლონ ან მოულოდენლად მჟავაც კი შეასხან.

ამასთან ერთად, მკვლელობიდან ორმაგი ეფექტის მისაღებად მსხვერპლებს ხშირად საჯაროდ, საზოგადოების წინაშე სჯიან. ამ გზით “შერცხვენილი” ოჯახი ხალხში მესიჯს აგზავნის, რომ სირცხვილი სამუდამოდ ჩამოშორებულია და კოლექტიური ღირსების ნორმებიდან გადამხვევებს მხოლოდ მსგავსი გზა ელოდებათ.

“ხანდახან ისინი მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით სჩადიან, რათა სურთ, სასწრაფოდ შეაშინონ ყველა ქალი მათივე ოჯახში და მის მიღმა, ასევე, თუ გამოუვათ - მომავალი თაობების დაფრთხობაც უნდათ”. - ამბობს ევოლუციური  ბიოლოგი, რობერტ ტრაივერსი “ღირსების მკვლელობებზე” ლექციის წაკითხვისას.

საიდან იღებს სათავეს ღირსების მკვლელობა?

“ღირსების მკვლელობის” მსგავსი ჩანასახები უდაბნოს ტერიტორიაზე დასახლებული უძველესი მომთაბარე ტომებიდან მოდის. ეს ხდებოდა იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ღალატობდნენ თავინათ კაცებსა და შესაბამისად, ტომებს და საკუთარ თავებს უმთავრეს “ღირებულებას” - დაქორწინებისა და გამრავლების საშუალებას ართმევდნენ. ტომობრივი ადათ-წესების მიხედვით, კაცის ვალდებულებაა, რომ იპოვოს ისეთი ქალი, რომელიც მას შთამომავლობას დაუტოვებს და ამ გზით გაამრავლებს ტომსაც. მარტივად რომ ვთქვათ, ქალის სხეული კაცისთვის ინვესტიციაა, რომლითაც ის ტომში პატივისცემასა და სიძლიერეს მოიპოვებს.

იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაქორწინებამდე გააბამდა სექსუალურ ურთიერთობას, ის ამით კარგავდა თავის “ღირებულებას”, რითიც შეიძლება მომავალი ქმრისთვის მიმზიდველი გამხდარიყო და შესაბამისად, ტომის თითოეული წევრისთვისაც სრულიად გამოუსადეგარი ხდებოდა. მას აღარ ჰქონდა საშუალება ვინმეზე დაქორწინების და შთამომავლობის გაჩენის, მისი მშობლები შერცხვენილნი იყვნენ ქალიშვილის ქმედებებით და ის ღირებულებას აღარც მათთვის წარმოადგენდა.

მსგავსი ტენდენცია გრძელდებოდა ანტიკურ ხანაშიც (დაახლოებით ჩვ.წ.700 წელი), როდესაც კაცი უნდა დარწმუნებულიყო, რომ თავისი ცოლი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ასევე, დაესაჯა მისი მონათესავე ქალი, სიკვდილითაც კი, თუ ის გაბედავდა და ოფიციალურ ქორწინებამდე რომანს გააბამდა. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ასეთ დროს ქალი არამხოლოდ შეურაცხყოფდა მის ოჯახს, არამედ სირცხვილი მოჰქონდა მთელი საზოგადოებისთვის, რადგან იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი კოლექტიური ღირსების მატარებელი იყო.

წყაროების მიხედვით, ღირსების მკვლელობებები ხდებოდა რომის იმპერიაშიც. იმპერიაში არსებობდა “ოჯახის უფროსი კაცის” [Pater Familia] სტატუსი, რომელიც განკარგავდა ყველაფერს, რაც ოჯახს ებადა და ასევე, პასუხისმგებელი იყო მისი ცოლისა და შვილების ქმედებებზე. მრავალ ვალდებულებებთან ერთად, როგორებიც იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქეების გაზრდა და საკუთრების გამრავლება, მას ასევე ეკისრებოდა სექსუალურად აქტიური ქალიშვილის ან მრუშობაში დადანაშაულებული ცოლის სიკვდილით დასჯაც. მსგავსი ტრადიცია არსებობდა შუა საუკუნეების ევროპაშიც, როდესაც ადამიანებს უფლება ეძლეოდათ, ჩაექოლათ მრუშობაში დადანაშაულებული ცოლი და ასევე - მისი პარტნიორიც. 

ქალების მიმართ დაუნდობელი იყო აცტეკების სამართალიც, რომელიც მექსიკაში ცოლების ღალატისთვის სასჯელად მათ ჩაქოლვას ან გაგუდვას ითვალისწინებდა. სექსუალურად აქტიური ქალების დასჯა სიამაყის მომტანი იყო ოსმალეთის იმპერიაში გაერთიანებული ზოგიერთი არაბული ქვეყნის მოქალაქე კაცებისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოღალატე ან ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრების მქონე ქალებს სიკვდილით დასჯიდნენ, კანონი მათზე უფრო მარტივად აღსრულდებოდა. ისტორიკოსები იმას წერენ, რომ მკვლელები თავიანთი მსხვერპლის სისხლს ტანსაცმელზე ისვამდნენ და ხალხში ასე დადიოდნენ, რათა საკუთარი თავების მიმართ პატივისცემა გაეზარდათ.

დღესდღეობით ღირსების მკვლელობების ფაქტებს აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიისა და აფრიკის კონტინენტებზე ვაწყდებით, თუმცა ჩატარებული კვლევები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გამოვყოთ ამ მხრივ ყველაზე პრობლემური რეგიონები - ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და სამხრეთ აზია. 

ღირსების ცნებაზე დამყარებული ძალადობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია HBVA-ს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოში ღირსების მკვლელობის 5 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა სხვადასხვა ქალთა უფლებებზე ფოკუსირებული არასამათავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ ეს რიცხვი ხშირად 20 000-მდეც აღწევს. ამავე ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ამ კუთხით გამორჩეულად პრობლემური ინდოეთი და პაკისტანია - იქ ყოველწლიურად დაახლოებით 1 000 ღირსების მკვლელობა ხდება. 

მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა, ორგანიზაციებს მაინც უჭირთ ზუსტი რიცხვის დასახლება, რადგან მკვლელობები ხშირად პოლიციის მიერ აღურიცხავი რჩება. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, “ღირსების მკვლელობა” უმეტესად სასოფლო დასახლებებში ხდება, სადაც მცხოვრები ხალხის რიცხვი ქალაქებთან შედარებით უფრო მცირეა, არსებობს კოლექტიური ღირსების ცნება და ოჯახებისთვის ამ ნორმებიდან გადახვევა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისად, იქ მცხოვრები საზოგადოებაც უფრო ჩაკეტილია და მკვლელობების შესახებ პოლიციას არ ატყობინებენ.

ღირსების მკვლელობა და რელიგიები

შეუძლებელია იმის თქმა, რომ "ღირსების მკვლელობები" რომელიმე კონკრეტული რელიგიიდან იღებენ სათავეს, რადგან ისინი ხდებოდა მაშინაც კი, როდესაც არცერთი რელიგია შექმნილი არ იყო. თუმცა, მონაცემებზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნები, რომელი რელიგიის  საზოგადოებებში ვაწყდებით მსგავსი მკვლელობების ფაქტებს და სად უფრო ხშირად ან უფრო ნაკლებად. 

ისლამი, ქრისტიანობა, ინდუიზმი და სიქჰიზმი ის რელიგიებია, რომელთა მიმდევარ საზოგადოებებშიც ღირსების მკვლელობის ფაქტები ხდება. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის მკვლელობებს იდენდნენ ის ადამიანები, რომლებიც ზევით ჩამოთვლილ აღმსარებლობებს იზიარებდნენ, თუმცა სიხშირე მათ შორის დრამატულად განსხვავებულია. 

დღესდღეობით ღირსების მკვლელობების შემთხვევებიდან უმრავლესობა ისლამური კულტურის მქონე საზოგადოებებში ხდება და აქედან გამომდინარე, ცხადია, ამ კუთხით პრობლემურ ქვეყნებში მოწინავე ადგილებს სწორედ ისლამური ქვეყნები იკავებენ. თურქეთი, ირანი, ერაყი, პაკისტანი, სირია, ავღანეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ღირსების აღდგენის მოტივით ჩადენილი მკვლელობები დღემდე საკმაოდ მწვავე პრობლემად რჩება და რიგ ქვეყნებში ხშირად დამნაშავეების მიმართ ოფიციალური პირებიც კი შემწყნარებლები არიან. 

ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა ასევე ძალიან მწვავედ დგას - ინდოეთია. ინდოეთი უმეტესად (80%-ით) ინდუიზმის მიმდევარი ადამიანებით არის დასახლებული და როგორც უკვე გითხარით, იქ ყოველწლიურად დაახლოებით 1 000 ღირსების მკვლელობა ხდება.

ღირსების მკვლელობების ყველაზე ნაკლები წილი ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე საზოგადოებებზე მოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები იქ საერთოდ არ ხდება. უკანასკნელი წლების განმავლობაში გახმაურდა რამდენიმე საქმე, სადაც მკვლელისა და მსხვერპლის რელიგიაც სწორედ ქრისტიანობა იყო.
 

18 წლის ნაზელა ავღანეთიდან 

2020 წლის მაისში ავღანეთის ბადახშანის პროვინციაში 18 წლის გოგო, სახელად ნაზელა მისმა ძმამ ჯერ ელექტროშოკით აწამა და შემდეგ ყელის გამოჭრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ოჯახმა გოგოსთვის მასთან შეუთანხმებლად ქმარი მოძებნა, რაზეც ნაზელამ უარი განაცხადა და თავის შეყვარებულთან ერთად სახლიდან შორს გაიქცა. წყვილმა თავი პოლიციის განყოფილებას შეაფარა. ორი დღის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ნაზელას ძმა გამოჩნდა, რომელმაც ყველა დაარწმუნა, რომ დას არაფერს უზამდა და ის სახლში წაიყვანა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნაზელა ძმამ მოკლა.

“სამწუხაროდ, როდესაც ნაზელა სახლში მივიდა, მას თავისმა ძმამ ყელი გამოჭრა. ამის შემდეგ კი მისი ძმა თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა”. - თქვა მაშინ ბადახშანის პროვინციის გუბერნატორმა.

26 წლის მადიჰა პაკისტანიდან 

2018 წლის ნოემბერში პაკისტანის აღმოსავლეთით, პუნჯაბის პროვინციაში მცხოვრებმა გლეხმა 26 წლის მადიჰას გვამი აღმოაჩინა და ამის შესახებ მაშინვე პოლიციას შეატყობინა. ქალის სხეული დანით იყო დაჩეხილი, მას ყელში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

“მშობლები მადიჰას ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. ადგილობრივმა გამოძიებამ ანახა, რომ მადიჰა დედამისმა და მისმა ორმა ძმამ მოკლეს “ღირსების” აღსრულების სახელით” - თქვა მაშინ გამოძიებაში ჩართულმა პოლიციელმა.

მადიჰა თავის შეყვარებულთან ერთად სახლიდან 2014 წელს გაიქცა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალს მშობლები მისი უფროსი დების საშუალებით დაუკავშირდნენ და გადასცეს, რომ თუ სახლში დაბრუნებოდა, მას სიყვარულით შეეგებებოდნენ.

“ჩვენ  შევხვდით მას და ვუთხარით, რომ უკან დაბრუნებულიყო. ვუთხარით, რომ დაქორწინებას ვაპატიებდით. მგზავრობისას ჩემმა ვაჟებმა ტრანსპორტი გააჩერეს და მითხრეს, რომ მე ადგილზე დავრჩენილიყავი. შემდეგ მათ მადიჰა ფერმაში წაიყვანეს და იქ მოკლეს”. - უთხრა დედამ პოლიციას.

მადიჰას დედამ და ძმებმა დანაშაული აღიარეს და თქვეს, რომ მათი ოჯახის წევრის ქორწინებამ ოჯახი შეარცხვინა.

17 წლის ჰენრიეტე კარა ისრაელიდან

2017 წლის ივნისში 17 წლის ჰენრიეტე კარას მამამ ყელში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი გოგო მაშინვე გარდაიცვალა.


ჰენრიეტე კარას, რომლის აღმსარებლობაც ქრისტიანობა იყო, მუსლიმი ბიჭი შეუყვარდა და ამის შესახებ თავის ოჯახს გაუმხილა. სკოლის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე მან თავის მშობლებს ასევე გაანდო სურვილი, რომ ისლამი მიეღო, თუმცა მამამისმა მას სცემა და დაემუქრა. ამის შემდეგ ჰენრიეტე სახლიდან გაიქცა, თუმცა სკოლის დამამთავრებელი წვეულების შემდეგ მამამ მას მიაგნო და მალევე მოკლა. პოლიციამ ჰენრიეტე კარას ცხედარი მისივე სახლის სამზარეულოში იპოვა.

პოლიციამ მამა მაშინვე დააკავა.

აჰმეტ ილდიზი თურქეთიდან 

აჰმეტ ილდიზი სტამბოლში თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა და პარალელურად უნივერსიტეტში სწავლობდა. 2008 წელს მან საკუთარი ოჯახისგან მუქარის შემცველი წერილების მიღება დაიწყო, სადაც მას სწერდნენ, რომ გაიგეს მისი ჰომოსექსუალობის შესახებ. ილდიზმა წერილების მიღების შემდეგ პოლიციას მფარველობის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამართალდამცველებს ამ საქმეზე გამოძიებაც კი არ დაუწყიათ.

პოლიციისთვის მიმართვიდან სამი თვის შემდეგ, 2008 წლის 15 ივლისს, აჰმეტ ილდიზი სანაყინიდან გამოდიოდა, როდესაც მას სამი ტყვია მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ოჯახს ამ ფაქტის შემდეგ საგამოძიებო სტრუქტურებისთვის არ მიუმართავს, საქმეზე გამოძიება კი მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ქუჩაში გამვლელმა იჩივლა, რომ შეტაკების დროს ისიც დაშავდა. მოწმეების დაკითხვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ სავარაუდო მკვლელი აჰმეტ ილდიზის მამა, იაჰია ილდიზი იყო, თუმცა მას ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა და სავარაუდოდ, რუსეთსა ან უკრაინაში იყო გაქცეული.

შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ თურქეთმა ინტერპოლს მიმართა იაჰია ილდიზის დაკავების თხოვნით, თუმცა ეჭვმიტანილი ჯერჯერობით მაინც ვერ იპოვნეს.

აჰმეტ ილდიზის საქმე თურქეთში მომხდარ პირველ ღირსების მკვლელობად არის მიჩნეული, რომელიც ჰომოსექსუალის დასჯის მოტივით მოხდა.

ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებშიც და სხვა, ნებისმიერი ღირსების მკვლელობის ფაქტის განხილვისას მთავარი, რაც მკვლელებს ამოქმედებთ სირცხვილის ჩამოშორების მოტივაციაა. სირცხვილი გამოწვეული იქიდან, რომ მათმა ოჯახის წევრებმა თავად გადაწყვიტეს, როგორი ცხოვრება უნდოდათ ან მათზე იძალადეს და ეს მსხვერპლის დანაშაულად ჩაითვალა.

14 წლის გარდაცვლილი გოგოს ბაბუის ჩვენებებშიც სიტყვა სირცხვილი ფიგურირებს. ის ჩვენებაში წერს, რომ მისმა შვილიშვილმა “ოჯახის ღირსება შეარცხვინა” და სწორედ ამიტომ იძალადეს მასზე. ამასთან ერთად, ბრალის დადგენილებიდან ცნობილია ისიც, რომ მან შვილიშვილს სახეში მუშტით სცემა და ხელები ყელში წაუჭირა. ბაბუა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. იმ შემთხვევაში, თუ მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატება, ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ 10 თებერვალს, ქობულეთის სოფელ ქაქუთში “ღირსების მკვლელობა” მოხდა, რის შედეგადაც 14 წლის გოგომ საკუთარ ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

 

კომენტარები