ნიკა მელიას საქმე

გომელაური: გახარიას უშუალოდ ჩემთან არ ჰქონდა განსხვავებული აზრი, გუნდი განვიხილავდით

შსს

"უშუალოდ ჩემთან არ ჰქონდა [განსხვავებული აზრი], რა თქმა უნდა, მარტო მე და პრემიერი ხომ არ ვიქნებოდით, გუნდი განვიხილავდით". – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელიას საქმის აღსრულებასთან და გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას.

"აქედან გამომდინარე, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გადავწყვიტე პირადად ამ ღონისძიების გაჩერება, მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიებისას პრემიერის გადადგომა, არ იქნებოდა სწორი და გადავწყვიტე, გამეჩერებინა დაკავების ღონისძიება". - ამბობს გომელაური.

შს მინისტრის მტკიცებით, მასა და ყოფილ პრემიერმინისტრს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

"არც ახლა არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, პირიქით, ჯანმრთელია ეს და სწორია, უნდა იყოს კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში.

რა თქმა უნდა, განცხადებამდე იყო [ცნობილი]. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე, პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა?

ძალიან კარგი ურთიერთობა, კიდევ ერთხელ ვიძახი, გახარიასთან მქონდა და ახლაც მაქვს ურთიერთობა, როგორ შეიძლება, როცა ადამიანთან მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადავდგე, ელემენტარული პატივისცემაა". - თქვა გომელაურმა.

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ენმ-ის თავმჯდომარეს წინა დღეს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ.

კომენტარები