ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ევროპული საქართველოს ოფისში ლიდერებს შეხვდა

ევროპული საქართველოს ლიდერები პარტიის ოფისში ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდნენ.

18 თებერვალს მან განაცხადა, რომ აორგანიზებდნენ საპარლამენტო დელეგაციას, რათა საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ოპოზიციის ყველა ლიდერთან გაემართათ შეხვედრები.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, საუბრისას ყურადღება გამახვილებული იყო ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევის გზებზე.

"ჩვენი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოიძებნოს გზები ამ შექმნილი სიტუაციის განმუხტვისა და რა თქმა უნდა, ჩვენ გავცვალეთ აზრები, შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტავად". – ამბობს კანდელაკი

კანდელაკის თქმით, ასევე საუბარი იყო 8 მარტის შეთანხმებაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ამ შეთანხმების ყველა კომპონენტის, განსაკუთრებით, დარჩენილი პოლიტმატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც მიღწეულია ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩების შუამდგომლობით, იქნა მიღწეული გასულ წელს, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს და პოლიტიზირებული მართლმსაჯულება აღარ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ეს მთელი პაკეტია, რაც გულისხმობს არაერთ საქმეს, მათ შორის, დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. ამის შემდეგ აუცილებელია გზების პოვნა, როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური პარლამენტი და ლეგიტიმურ პარლამენტში ვგულისხმობ ხელახალ არჩევნებს". – თქვა კანდელაკმა.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის მთავარი მიზანი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოლაპარაკების გზით განმუხტვაა.

"ჩემი აზრით, თუ ვინმეს აქვს მორალური თუ პრაგმატული ავტორიტეტი, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე, ესენი არის ჩვენი ლიტველი მეგობრები, რომლებიც ყველა კრიტიკულ ვითარებაში, ამ მთავრობის დროს და წინა მთავრობის დროს, საქართველოს ედგნენ გვერდში და კერძოდ, კონკრეტულად საგარეო კომიტეტის თავჯდომარე. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები განახლდება, ქართული ოცნება დაუბრუნდება მოლაპარაკებას და ჩვენ ვივლით პოლიტიკური დევნის დასრულებისკენ, პოლიტპატიმრების დასრულებისკენ და ნორმალური ვადამდელი არჩევნებისკენ, რაც განმუხტავს კრიზისს". – თქვა ბოკერიამ


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები