ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ენმ-ს ოფისში მელიასთან შესახვედრად მივიდა

ჟიგიმანტას პავილიონისი
ტაბულა

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა. 

18 თებერვალს მან განაცხადა, რომ აორგანიზებდნენ საპარლამენტო დელეგაციას, რათა საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ოპოზიციის ყველა ლიდერთან გაემართათ შეხვედრები. 

"იმედი მაქვს, ნიკა მელია თავისუფალი  დაგვხვდება და ასევე შევეცდებით, შევხვდეთ მთავრობას”. – თქვა მან 18 თებერვალს. 

მისივე თქმით, დელეგაცია შეხვდება მთავრობასაც, რათა მოუწოდოს ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. 


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები