ჯანეტ იელენი: ბიტკოინი ძალზე სპეკულაციური აქტივია, ინვესტორებს სიფრთხილე მართებთ

ჯანეტ იელენი
ფოტო: bitcoinexchangeguide.com

აშშ-ის სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, ინვესტორებს საფონდო ბირჟების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, განსაკუთრებით კი ისეთი არასტაბილური აქტივების მიმართ, როგორიც ბიტკოინია. 

“ბიტკოინი ძალზე სპეკულაციური აქტივია“. – ამბობს სახაზინო მდივანი. 

მისი თქმით, აუცილებელია ისეთი რეგულაციების მიღება, რომლებიც კრიპტოვალუტის არაკანონიერი მიზნებით გამოყენებას შეზღუდავს, კერძოდ, მოიაზრება: ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და არალეგალური ტრანზაქციები. 

“ინვესტორები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“. – თქვა იელენმა. 

მან ასევე ინვესტორების უსაფრთხოების დაცვაზეც ისაუბრა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს აშშ ამ სექტორის დარეგულირებას.  


2021 წელს ფინანსურ სექტორში კრიპტოვალუტის მიღება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 
კომპანია Mastercard-ი ზოგიერთ კრიპტოვალუტას მხარს დაუჭერს და მომხმარებლებს ტრანზაქციისა და შენახვის უფლებას მისცემს. 

აშშ-ის უძველესი ბანკი, BNY Mellon, ციფრული აქტივების განყოფილების შექმნას გეგმავს. 

კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა და ალტერნატიული გადახდის საშუალებადაც მიიღო. 

ფინანსური სექტორის მხარდაჭერის გამო ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 52 220 დოლარს მიაღწია. 
 

კომენტარები