Mastercard-ი კრიპტოვალუტას მხარს დაუჭერს

ფოტო: currency.com

კომპანია Mastercard-ი ბარათების მფლობელებს კრიპტოვალუტის ტრანზაქციისა და შენახვის საშუალებას მისცემს. 

Mastercard-ის ციფრული აქტივების აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის, რაჯ დამოდჰარანის თქმით, კომპანიის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს კრიპტოვალუტას, გაამარტივებს კრიპტოაქტივების გაცვლის, გაგზავნის, შეძენისა თუ შენახვის პროცესს. 

გარდა ამისა, Mastercard-ის ბარათების საშუალებით მომხარებლებს შეეძლებათ კრიპტოვალუტის პირდაპირი გადახდის საშუალებად გამოყენება, რაც აქამდე შეზღუდული იყო. 

კომპანიის ვებგვერდზე წერია, რომ ისინი ხედავენ მომხმარებლების მზარდ დაინტერესებას კრიპტოვალუტის მიმართ და ემზადებიან კრიპტოაქტივების Mastercard-ის სისტემაში ინტეგრაციისათვის. 

Mastercard-ში თვლიან, რომ მომხარებლებს, სურვილის შემთხვევაში, ისევე უნდა შეეძლოთ კრიპტოვალუტით სარგებლობა, როგორც სხვა ტრადიციული სახის ვალუტით. 

“ჩვენ გთავაზობთ არჩევანს, თქვენ როგორ მოიქცევით, ეს თქვენი გადასაწყვეტია“. – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

Mastercard-ის კონკურენტი კომპანია Visa-ს წარმომადგენლების თქმით, თუკი კრიპტოვალუტა ფინანსურ სექტორში გაცვლის აღიარებული საშუალება გახდება, მაშინ Visa-ც შეუერთდება ამ ინიციატივას და მხარს დაუჭერს კრიპტოაქტივებს. 

კრიპტოვალუტისადმი აქტიური მხარდაჭერის ერთ-ერთი ინიციატორი ილონ მასკია, რომლის კომპანია Tesla-მ  1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა და კრიპტოვალუტა გადახდის ალტერნატიულ საშუალებად მიიღო. 

ფინანსურ სექტორში აღიარების გამო ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, 48 925 დოლარს. 
 

კომენტარები