ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, როდის და რა სიხშირით განაახლებენ ფრენებს ის ავიაკომპანიები, ვისაც ნოემბრიდან რეგულარული რეისების შესრულების უფლება მისცეს. ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანიიები თავად გადაწყვეტენ, რამდენად გამოიყენებენ იმ სიხშირეებს, რომელიც მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მისცა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს "მათ მდგომარეობაზე, მგზავრთა ნაკადსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული".
ნათია თურნავას თქმით, "რამდენადაც ჩვენ ვიცით", უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ი აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებული ფრენების ათვისებას დორტმუნდის, ვილნიუსის და კატოვიცეს მიმართულებით.
"თუმცა, როდესაც პოლონეთზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამხვედრ ქვეყანასაც თავისი მოთხოვნები აქვს, მაგრამ ჩვენ ვხსნით ამ ფრენებს" - ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ს, ნათია თურნავას თქმით, ავიაციის სააგენტომ თბილისი-მილანის ფრენა დაუშვა.
"ბოლო ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, მათ გლობალურად აქვთ გადაწყვეტილი, რომ 70%-მდე შეამცირონ ზოგადად ფრენები, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ ისინი მალე აითვისებენ ამ მიმართულებას, მაგრამ როდიდან დაიწყებენ და რა სიხშირით, ამას თვითონ გადაწყვეტენ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ამის მწვანე შუქი მივეცით" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
მთავრობამ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ათ მიმართულებაზე მოხსნა, ხოლო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ამ ქალაქებში რეგულარული ფრენის უფლება მისცა. ვარშავაში (Lot), ათენში (Aegan Airlines), დოჰაში (Qatar Airlines), ვენაში, ამსტერდამსა და ბერლინში (აირზენა) ჩარტერული ფრენები აქამდეც სრულდებოდა, სავარაუდოდ, ზემოთჩამოთვლილი ავიაკომპანიები ოპერირებას ნოემბერშიც, უკვე რეგულარული ფრენის ქოლგის ქვეშ გააგრძელებენ, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დაიწყებენ თუ არა Wizzair-ი და Ryanair-ი ფრენას ნოემბერშივე - ქუთაისი-ვილნიუსის, ქუთაისი-დორტმუნდის, ქუთაისი-კატოვიცეს და თბილისი-მილანის საჰაერო ხაზებზე.
ავიაკომპანიების ვებგვერდებზე ჯერჯერობით ამის ნიშანი არ ჩანს. Ryanair-ის საიტზე ფრენების საძიები სისტემაში თბილისი-მილანის მიმართულებაზე არათუ მომდევნო თვეების, არამედ, მომდევნო წლის მანძილზეც არ იძებნება არც ერთი რეისი.
რაც შეეხება Wizzair-ს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ავიაკომპანია ქუთაისი-დორტმუნდის და ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებებზე ბილეთებს დეკემბრიდან, ხოლო ქუთაისი-კატოვიცეს საჰაერო ხაზზე მხოლოდ 2021 წლის მაისის თვიდან ყიდის. რაც შეეხება რიგას, ამ მიმართულებაზე Wizzair-ის ბილეთები უკვე ოქტომბრის დასაწყისიდან იყიდება და ფრენები ნოემბერშიც გრძელდება.
ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, მაშინ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით დაუშვა - თვეში ჯამში, დაახლოებით, 20 ფრენა. ასევე სრულდებოდა აირზენას ჩარტერები.
დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.
როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს". – ამბობდა ნათია თურნავა მაშინ.
საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა. კერძოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეს ტურისტულად აღარ უშვებს. ლატვია და ლიტვა - თვითიზოლაციას ითხოვს. პოლონეთში საქართველოდან რეგულარული ფრენები კი, ჯერჯერობით აკრძალულია.
საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.
21 ნოემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 12-დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათთან მიმართებით საქართველოს მთავრობა "ორმხრივ რეჟიმში" მუშაობს.