საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 192 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა.
17 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 266 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 259 727 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 390 კი გარდაიცვალა.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.
1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.
8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.
15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.
კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





