ბირჟა მაფია

სასამართლომ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ 36 815 ლარის გადახდა დააკისრა

მიხეილ მგალობლიშვილი (Young mic) და გიორგი ქებურია (Kay G)
Facebook/ Young mic

 სასამართლომ  პროკურატურას ბირჟა მაფიის საქმეზე გიორგი ქებურიას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის სახით 36 815 ლარის გადახდა დააკისრა. 

ბირჟა მაფიის წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ  20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

 გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ნიშნები არ არსებობდა. 

კომენტარები