ბირჟა მაფია

ციხეში, "ბირჟა მაფიას" წევრებთან პროკურორი და ადვოკატები მივიდნენ

გლდანის ციხეში, "ბირჟა მაფიას" წევრებთან პროკურორი და ადვოკატები მივიდნენ. პროკურორი ამბობს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ შემდეგ გადაწყდება, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას.

"დღევანდელი პროცედურა მოიცავს გასაუბებას ბრალდებულებთან. მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი. რაც შეეხება დღევანდელ პროცედურას, ეს არის ფაქტების და გარემოებების დაზუსტება, რაც უკავშირდება ბრალდებულების დაკავებას", - თქვა პროკურორმა დავით გუმბერიძემ და აღნიშნა, რომ უწყება პოლიციელებს ჯერ არ გასაუბრებია.

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მიშკა მგალობლიშვილი კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მგალობლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

კომენტარები