ბირჟა მაფია

პროკურორმა რეპერები გამოკითხა - ჯერ არ გადაწყვეტილა დაიწყება თუ არა გამოძიება

პროკურორმა "ბირჟა მაფიას" წევრები გამოკითხა. პროკურორი ამბობს, რომ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმ პროცედურულ დარღვევებზე, რაც, ბრალდებულების თქმით, მათი დაკავების დროს მოხდა და გადაწყვეტენ დაიწყება თუ არა გამოძიება.

"გამოვკითხეთ ორივე ბრალდებული. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად, უთითებდნენ იმ სამართალდარღვევებზე, რაზეც სასამართლო პროცესზეც აპელირებდნენ. ჩვენ სრულად ავსახეთ ის ინფორმაცია, გადავხედავთ ამ დეტალებს, შევაფასებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე. ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღბული არ არის, უნდა შევაჯამოთ ინფორმაცია, რაც პროკურატურამ მოიპოვა", - თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გამოიკითხებიან თუ არა პოლიციელებიც.

ადვოკატის თქმით, გიორგი ქებურიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გაგრძელდა და აღიარებით ჩვენებაზე მას ხელი ძალით მოაწერინეს.

"გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, რადგან გიორგი ქებურიამ ისაუბრა იმ ძალადობის ფაქტებზე, რაც მის მიმართ განხორციელდა. როგორც ბრალდებული განმარტავს, კლიპი იყო ნახსენები - აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, საუბარია მისი თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვაზე. გიორგი ქებურიას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. დოკუმენტი, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, გამომძიებლების მიერაა დაწერილი, რომელზეც გიორგი ქებურიას ისე მოაწერინეს ხელი, რომ არც იცოდა რა დოკუმენტი იყო. ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა, რადგან არ მისცეს საშუალება, ჰქონოდა სათვალე, რომელსაც ხმარობს", - თქვა ადვოკატმა.

მიშკა მგალობლიშვილი კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მგალობლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

კომენტარები