საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი: ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, სხვა ძალას დავუჭერთ მხარს, ახალი ძალა იქნება

wikipedia.org

"ციხეში დაჭერა არავისი არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან" - ასე ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ნიკა მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნის საქმეს. მისივე თქმით, ქართულ ოპოზიციას "პოლიტიკოსობისას" ვერაფერს ატყობს და არც მათ ხელისუფლებაში მოსვლას დაუშვებს. 

"ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში ჩვენ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს თუ რა აქვს? ხალხს უყვარს თუ რა?" - ამბობს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, რას გულისხმობს "ხელისუფლებაში მოშვებაში", ბოდბელი ეპისკოპოსი პასუხობს - "რას ნიშნავს და აი, ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, რომ ახლა მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ჩვენ დავუჭერთ მხარს რომელიმე ძალას ისეთს... ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც  30%-მდე ყოველთვის შეუძლია აიღოს, რესურსი იქნება თუ სხვა რაღაცები. აბა, კარგად გადახედეთ,  რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით, ჰო? ანუ მეორე ძალა ახლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება ეს მთავარი ოპოზიცია".

კითხვაზე, რომელ ძალას დაუჭერს მხარეს, მეუფე იაკობი ამბობს - "ჩვენ თუ დავუჭერთ მხარს, დღეს მოქმედს - არავის".

"როცა საჭირო იქნება... საქართველოს ასე უფსკრულში არ გადავაჩეხინებთ არავის, კარგად ნახავენ, ქვეყნის ღალატს თავი დაანებონ.

ხალხის გამომყვანი ოპოზიცია არ გვყავს, რამდენი ხანია, წვალობენ, ჯახირობენ, თუ გამოიყვანენ, აი, ოცი ივნისის ღამე რომ ავიღოთ, პასუხისმგებლობა მაგათ ეკისრებათ რაზე - საწყალ ბავშვებს თვალები დაეთხარათ, უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც თვალები დაეთხარა, არც ერთ პოლიტიკოსს არაფერი მოსვლია, საერთოდ არაფერი... რომ მიხვედი, სხვას გადაეფარე... ბავშვს რომ თვალი ამოუვარდა, პასუხი რაში აგე?" - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კითხვაზე, ვინ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ "მესამე ძალა სხვა გახდება, ახალი ძალა იქნება".

"ასე თუ მოიქცევით, შევხედავთ კიდევ, დაელოდეთ თქვენ რა, ნახავთ. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეკლესიას ძალიან თუ შეუტევთ, ძალიან კარგად ვიცით, რომელი პარტიის ტელევიზიები ხართ, რას ფიქრობენ იმათი ხელმძღვანელები, რომ მივიდეთ და ვნახოთ, ოცნებას როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებ იმათ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას" - თქვა ეპისკოპოსმა.

კომენტარები